შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ალექსანდრია, ალექსანდრია!

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ალექსანდრია, ალექსანდრია!

(ციკლიდან - ეგვიპტური დღიურები)

ზღვა - ხმელთაშუის - ყურებში შხუის,
ალექსანდრია ძოწისფერდება.
ეღლაბუცება მეზღვაურს, უი,
ქალი - ცხენივით - მაღალფერდება!

ირგვლივ - ნაკვებნი, განა ჩხირები,
ყელში - რამ ბოღმა განაჩხირები.
ზღვა ხმელთაშუა, ხმელთა შორისი,
ხმა გარდასულის, შორთა - შორისი.

აქ - შენ არ გეძებ, სულ სხვაა მხარე,
მე დავიღალე და მოვიხარე,
თვალხალიანი მომაგონდები,
ჩამოეშვება სევდის ბლონდები.

თქვეს, ყოფილაო აქ ერთი გურჯი,
ჰქონია თურმე თვალები ლურჯი,
ლაჟვარდი ანუ ლაპის ლაზული,
ცა - საუაროდ გადახაზული…

ჩამოიქუფრა, ზეცას ავდრიანს
აქ ალექსანდრეს რისხვას ადრიან.
მივემგზავრებით დილაადრიან
ალექსანდრია,
ალექსანდრია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →