შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ველასკესს (სონეტი - ეკფრასისი)

მანტერესებდა, თუ გამომივიდოდა ეკფრასისი - სონეტის ფორმაში,
თანაც
ისე, რიტმი რომ არ “გამეწელა“ დიდ ან მცირე ბესიკურად - ჩემთვის და მრავალი მკითხველისთვისაც უკვე ძალიან მოსაწყენ საზომად.
ავიღე ველასკესის ცნობილი ნახატი, ინფანტიანი ”მენინები”
სხვათა შორის, ტიციან ტაბიძეს ხომ აქვს თავის “ ავტოპორტრეტში” ინფანტა, ოღონდ ეგ, როგორც ვიცი, ოსკარ უაილდის ,,ინფანტას საჩუქრითაა” ინსპირირებული:

უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.
იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.

გალაკტიონსაც აქვს ლექსში “თ. გოტიეს”:

ჩვენ ვეძებდით რამე ღრმას, გვსურდა რამე ქართული,
რითმა - ნიუანსები, რიტმიული ლანდები.
სად არიან ყველა ამ მორევებში ჩართული
მენადები - გედები და ფრთები - ინფანტები?

სხვებიც მეგულება, მაგრამ ეს ორი - მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.
ცხადია, ვეცდებოდი, მათი რითმები არ გამემეორებინა.
უყვარდათ სიმბოლისტებსა და ზოგადად მოდერნისტებს რითმის “დაპატენტებასავით”.
დღეს ეს შეიძლება ვინმეს კომიკურადაც კი ეჩვენებოდეს, მაგრამ
მაშინ, საუკუნის წინ - ეპიგონური ,,ეო-მეოს” ეპოქაში -
მათეული ქართული ლექსის რეფორმა - რითმასაც მოიცავდა.

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ველასკესს

შექსპირული სონეტი

თოვს. ყინულის ტბებია.
ბრუნავს თეთრი ფანტელი -
ირგვლივ იფანტებიან
ციური ინფანტები.

გაბმულან ნამძივები,
ნაძვსაც დაუკვნესია.
ფუნჯით დანამძიმები
ლანდი - ველასკესია.

სარკეში ჩანს - მეფე და
გვერდით - დედოფალია.
თამაშია სეფეთა,
ინფანტა კი მკრთალია.

ძაღლი - დამავიწყდა, რა,
ეს წკმუტუნიც მიმწყდარა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →