შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დროის ყალიბში ჩამოსხმულთა რექვიემი

ოდესღაც, თურმე, რაღაც მიზეზით,
ჩვენ ჩამოგვასხეს დროის ყალიბში
და შესაშურად ხისტი სიმკაცრით შეგვატოვეს ჭადრაკის დაფას,
ფეხქვეშ კი მიწად დაგვიფინეს
სულ ერთი უჯრა, ერთი უჯრედი...
ზოგს - მიწყივ შავი,
ზოგიერთებს ერგოთ სითეთრეც...
ჩხრიალებდა მავანთა ბამბა,
მავანთა - ოქროც მდუმარებდა,
და ცეცხლის ნაცვლად
დამდნარ ყინულის მცხუნვარება
მძვინვარებდა...
დაგვატარებდნენ.
საბედისწერო სამკუთხედებს კრავდა განგება.
ყოველ მესამეს, როგორც ზედმეტს,
ათავსებდნენ უსულო ყუთში.
და ფეხქვეშ მიწა:
ვისთვის - შავი,
ვისთვის - სულ თეთრი,
ელოდა შემდეგს.
ივსებოდა დაფა შავთეთრი
და წამმზომს უკან ჩასაფრებული
მსაჯულები
ითვლიდნენ შედეგს.
ჩვენ, ოდესღაც, რაღაც მიზეზით,
ან კიდევ, სულ მთლად უმიზეზოდ,
თურმე, ნუ იტყვით,
ჩამოგვასხეს უმკაცრესი დროის ყალიბში
და ერთი დაფის ერთი უჯრედი
მიგვიჩინეს ყოფის სამზეოდ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →