შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ქვიშისფერი მზე

ქვიშისფერი მზე

ფეთქავს ივლისის მხურვალე გული,
უდაბნოს მტვერი ფარავს ფარაონს,
ზღვას მონატრებულ პალმებზე თრთიან
ჩიტების ფრთები, როგორც-მარაო.
პირამიდები იტევენ გულში
რამდენ სიყვარულს და შხამს ასპიტის,
ივლისის მზეზე ხუნდება სფინქსი
და დროსთან იბრძვის მაინც ქვა-სიპი.
ჰყვებიან ქვიშადქცეულ გრძნობების
უიღბლო ფინალს პიქტოგრამები,
სმენად ქცეულან მუმიები და
დადუმებულან მზის ქორალები.
ქარები ძრწიან ავად, ხორშაკნი,
საფლავებივით დგამენ დიუნებს,
ამომწვარი აქვს გული უდაბნოს
და მაინც უხმობს გზა ბედუინებს...
ძველ სიყვარულზე დაწერენ ისევ,
იცოცხლებს მითი ატონ-ამონის,
ათას წლის მერე იპოვის კვლავაც
თავის დედოფალს ტუტანჰამონი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →