შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მხოლოდ ერთი წამით შენ რომ დამენახე

მთიელი 1 წლის წინ
დილა არეული ფიქრით დამიწყია
სულში ჩამესახლე, ნატვრას აყოლილი...
გულმა უნებურად შენსკენ გამიწია,
ბილიკს ავედევნე ფიქრით დათოვლილი.

შენსკენ მოვდიოდი როგორც მთვარეული,
თითქოს შენ იყავი ჩემი ბედისწერა...
ჩემი ფიქრებივით ვიყავ არეული,
დილამ ავდრიანი ზეცა შემიკერა.

როგორც ჩემი სულის სევდიან კუთხეში
მთებზე ნისლი იწვა, ჩემი დარდის ფერი...
არც შენ გამოჩნდი და არსად სჩანს ნუგეში,
მხოლოდ ღრუბლებია ირგვლივ ღამის ფერი.

შენზე ფიქრებივით მაწვიმს შავი ზეცა,
დაღლილ თვალებიდან სევდა დამდენია...
ირგვლივ შემოდგომის ხეებს ქარი ეცვათ,
ფოთლების სიყვითლე გულზე დამცვენია.

დილა არეული ფიქრით დამიწყია
ნატვრას აყოლილი, სულში ჩამესახლე...
სიცოცხლეს დავთმობდი, სულიც დამითმია,
მხოლოდ ერთი წამით შენ რომ დამენახე!

მთიელი
Laravel

კომენტარი

1
დავით ანასტასიადის
მაგარიააა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →