შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უთარგმნელი

განვიცდი ყველა ტკივილს სრულიად
და მზეს უნდება ზღვების დასერვა.
მთელი ცხოვრება ვირუსულია —
რა შემიძლია... მუდამ ასე ვარ...

მინდა, გავშორდე ხორცის კარანტინს,
„დედდება სისხლში ვერაგი ხსენი.“
რა ვქნა, მკითხველო, რომ ვარ ტალანტი
და ეს სიგიჟე ვერ აგიხსენი.

თვითირონიავ, სიტყვა — „ჩვენ“ მშია,
და წავალ სხვა ცას მე რიდიანი.
„ჩვენზე მეტია ის, რაც ჩვენშია“ —
ვაკუუმით და მერიდიანით.

სჭირდება რითმას მეტი ტარაღი:
„ღამეს დაიფრენს, ვიცი, მზის სახრე.“
ამ ეპოქაში ყოფნა არა ღირს, —
დრო ვერ გაუძლებს ჩემს გვარს და სახელს.

ტვინო, დღეს უნდა მოუგო ნიათს,
სხეული სულის ნაკეც-თარგს ელის,
და ვამბობ: ჯერ არ მოუგონიათ,
რომ არ არსებობს ჩემი მთარგმნელი.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →