შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ქანდაკება

მესაათე 6 თვის წინ
აგორებულა ოცდაშვიდი ჭორივით წელი
და ჭორივითვე ჩაუვლია ოცდაშვიდივეს,
მშვიდი ვარ, თუმცა ქანდაკება გამოუთლელი,
ზუის ცარიელ აკლდამაში - როცა მშვიდი ვარ.

წვიმა ისე წვიმს, ვერავინ რომ გაბედოს წასვლა
და რომ ვერავინ მოერიოს ბუნების რისხვას,
რათა სარკეში დამწყვდეულმა ვიღაცის ასლმა
ჩამხედოს სულში, გამომკითხოს -
რატომ და რისთვის.

რაც ხვალ არ მოხდა, თავისთავად მოხდება გუშინ,
დრომ სადღაციდან სადღაცამდე ზიდა ლოდები
და რადგან წვიმას ჩემს ქუჩაზე ქვასავით უშენს -
დგას ქანდაკება აკლდამაში და მელოდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →