შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

როგორ გადავარჩინე შემთხვევით ერთი ოჯახი დანგრევას

შაბათი დღის მოღრუბლული შუადღე იდგა, სამსახურში წასვლა არ მიწევდა ,ამინდიც უჟმური დაემთხვა და გვიან ავდექი . რადგან საუზმე გამოვტოვე, სადილისთვის საგრძნობლად მომშივდა და გამახსენდა რომ მაცივარში სოფლის ვარია მედო ,გადავწვიტე ეს უღიმღამო დღე ცოტა მაინც შემელამაზებინა
ვარიის შეწვას შევუდექი.
ის-ის იყო დაბრაწული ვარია თეფშზე გადმოვიტანე და სუფრასთან მივიტანე , რომ უეცრად მობილურზე უცნბი ნომრიდან ზარი შემოვიდა:
-ალო , მოახლოებული განცხრომის დროებით გადადების გამო უკმაყოფილოდ ჩავძახე ყურმილს
პასუხი არ ისმოდა ,ყურმილის მეორე მხარეს არ ჩქარობდნენ
-გისმენთ - უკვე აშკარად უკმაყოფილო ტონით გავიმეორე , და ხელი წითელი ღილაკისკენ წავიღე ,როცა მოულოდნელად ახალგაზრდა ქალის ხმა გაისმა:
- ქალბატონო მინდა შეგატყობინოთ რომ თქვენი ქმარი გღალატობთ....
- უკაცრავად... გაოცებული უფრო კი დაბნეული ხმით ჩავეკითხე ყურმილს , იმ უბრალო მიზეზის გამო , რომ ქმარი არ მყავს და არც არასდროს მყოლია.
- იცით რომ თქვენს ქმარს საყვარელი ჰყავს ? კითხვაზე კითვით მიპასუხა ახალგაზრდა ქალის ხმამ .
ჯერ იყო და დავაპირე მეთქვა ,ნომერი შეგეშალა მეთქი , მაგრამ უცებ გავიფიქრე... იქნებ ცოტათი გავერთო ,მაინც დღეს ხომ არაფერი საქმე არ მაქვს და გადაწყვეტილება სწრაფად შევცვალე
- ვიცი ...მტკიცე ხმით ვუპასუხე მე და მოხერხებულად მოვკალათდი სუფრასთან
- მერე ? - ჩამეკითხა ქალის ხმა
- რა მერე ? - ახლა მე ჩავეკითხე და დედას მომზადებული ტყემლის ბოთლი საგულდაგულოდ შევანჟღრიე.
- იცით და ასე მშვიდად მპასუხობთ?
- აბა რა გავაკეთო , ვიტირო ? ვუპასუხე და ქათამს მეჯი ავახლიჩე
- რას აკეთებთ დაბნეული ხმით იკითხა ახალგაზრდა ქალმა.
- მეჯს მივირთმევ , უპასუხე მე და ტყემალში ჩაწობილ ხორცის ნაჭერს კბილი გავკარი.
- ვის მეჯს ? - უფრო დაბნეულად იკითხა ყურმილს მიღმა ქალის ხმამ
- თქვენი წინამორბედის , ბოროტად ჩავიცინე მე გამოტენილი პირით.
კავშირი უმალ გაწყდა .... მე მხიარულად ჩავიფრუტუნე და ხასიათგამოსწორებულმა აუჩქარებლად დავასრულე ტრაპეზი , რასაც სიამოვნებით დავაყოლე სოფლიდან დედაჩემისვე გამოგზავნილი ატმის კომპოტი.
სუფრის ალაგება არ მქონდა დასრულებული რომ მობილური კვლავ აზუზუნდა .
- მეხუმრეთ ხომ ? კითხვით მომმართა ქალის განაწყენებულმა ხმამ
- კიდევ ერთხელ კაი გამარჯობა თქვენი ქალბატონო საყვარელო , უკვე გამახარა ნაცნობი ხმის კვლავ გაგონებამ.
- ერთი მითხარით რატომ არ გაქვთ არანაირი რეაქცია ? რატომ არ ტირიხართ , არ ყვირიხართ , არ მლანძღავთ ,მე ხომ ეს ესაა გამოგიცხადეთ რომ თქვენი ქმრის საყვარელი ვარ ?
- და რატომ უნდა ვიტირო ან ვიკივლო ? ძალით დაარხეინებული ხმით ჩავეკითხე
- რავიცი როგორც წესი , ნორმალურ ცოლებს ასეთი რეაქცია აქვთ ხოლმე. აღშფოთდა ჩემი ,,ახლადგამომცხვარი „ ქმრის საყვარელი
- და იქნებ სულაც არ ვარ ნორმალური ? ცოტა გავურთულე ახალგაზრდა ქალს საქმე
- წავიდეს თუ წავა , არ მაინტერესებს . პატეთიკურად წარმოვთქვი მერე და ძლივს შევიკავე ფრუტუნი
- ანუ უშვებთ ? - იმედშეპარული ხმით წარმოთქვა ქალბატონმა
- და როდის ვაკავებდი რო ? - ვუპასუხე გაოცებული ტონით
- რავიცი .... დაიბნა მოსაუბრე
- ხოდა არც მე ვიცი.... უფრო მეტი გაურკვევლობა შევძინე საუბარს
- ქალბატონო სულ ნუ ამიბნიეთ თავგზა , გამკაცრდა ხმა ყურმილის მეორე მხარეს -გამარკვიეთ ბოლოს და ბოლოს , უშვებთ ოთოს ჩემთან თუ არა ?
- წაიყვანეთ - გავიღე მე დიდსულოვანი ჟესტი , ოღონდ ერთი პირობით :
- რა პირობით ? დაიძაბა ხმა
- ონისე ,ოსკარი , ოტო და ოლიკოც უნდა გამოვატანო -აზარტში შესულმა ჩამოვუთვალე იმ წამს პირზე მომდგარი სახელები.
- ეგენი ვინღა არიან ? გაისმა ყურმილს მიღმა გაოგნებული ხმა
- ძაღლი ,კატა,თუთიყუში და ხვლიკი . გამოიცანით ხვლიკს სად სძინავს ხოლმე ... საკონტროლო გასროლა მოვახდინე და უკვე მართლა ძალიან გამიჭირდა რომ არ გადამეხარხარა.
რამდენიმე წამით დუმილი ჩამოვარდა ,ეტყობა გაგონილის გადახარშვას ცდილობდა, მერე გაუბედავად წამოიკნავლა
- და, და რატომ იწყება ყველა სახელი ო ზე ?
- თქვენს საყვარელს კითხეთ - მოუჭერი მკაცრად , მაგან შეურჩია ყველას... ასე გამოაცხადა: რადგან მე ოთარი მქვია - ჩემს ოჯახში ყველას და ყველაფრის სახელი ოზე უნდა იწყებოდეს .
- - ხო მეც ეტყობა ამიტომ მეძახის ოქროს თევზს, გააკეთა ახალი აღმოჩენა დაეჭვებულმა ხმამ
- - აი ხომ ხედავთ - გამარჯვებული ტონით ჩავეჭერი, თან გულში სიხარულით ვზეიმობდი ამ დამთხვევას
- ეგ კი არადა ნივთებსაც გადაუკეთა სახელები , ოვზი, ოგიდა ,ოლევიზორი,ოვარძელი....
- -და თქვენ რომ ირინა გქვიათ ? მადლი მოისხა ხმამ და გამაწყვეტინა საყოფაცხოვრებო ნივთების უსასრულო სიის ჩამოთვლა
- დიახ ირინა მქვია - დავეთანხმე მე რომელიც სინამდვილეში ნატა ვარ , მაგრამ იცით რას მეძახის თქვენი საყვარელი ? დავაინტრიგე
- რას ? თითქმის ჩურჩულით იკითხა
- წამით გადავავლე გონების თვალი ო ზე დაწყებულ სახელებს და პირველვე რაც მომადგა ენაზე ამაყად წამოვაყრანტალე
- ოფელიას
- და რატომ მაინცდამაინც ოფელიას ? დაინტერესდა ისევ ახალგაზრდა ქალბატონის ხმა
- მმმ... ჩავფიქრდი , უცებ შექსპირის ჰამლეტი გამახსენდა
- რავიცი , ალბათ იმიტომ რომ მონასტრიდან წამომიყვანა....
- მივხვდი რომ ეს უკვე პიკი იყო , რადგან ყურმილს მიღმა ჯერ მძიმე ქშენა გაისმა , ქშენას ქალის გამყინავი კივილი მოჰყვა...
- იცით რა ქალბატონო ? მგონი თქვენ ყველანი შეშლილების ოჯახი ხართ ოთოს თამადობით .... არ მჭირდება არც თქვენი ოთო და არც ეგ თქვენი კატები, თაგვები და ხვლიკები... ისევ თქვენა გყავდეთ , ერთმანეთს ძალიან უხდებით , ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო თქვენზეა ზუსტად ნათქვამი . იმ ვაჟბატონს კიდევ უთხარით, რომ აღარ გაბედოს ჩემთან არამც თუ მოსვლა დარეკვაც კი ... და ტელეფონში წყვეტილი ზუმერი გაისმა....
აი ასე გადავარჩინე ერთ ჩვეულებრივ უქმე დღეს რომელიღაც ოჯახი დანგრევას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →