შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

საით მიფრინავენ? როგორ კვდებიან?

საით მიფრინავენ? როგორ კვდებიან?
უსურვილო ოთხშაბათები.
საათი - ზარი - ხმა - ქუჩა - დარაბები.
სამფეხა სკამი
და
ურჩი პეგასები.

გაწამებული თითები
გაბმული გზებით
უკავშირო ტელეფონზე
უკუკავშირს უბრუნებენ
ვის?! -

ხრინწიანი ხმა,
ხმა - მძევლად აყვანილი კუპიდონის.
გადამალე ყველა ისარი!
გადატეხეთ შუბები,
გუბეებში გააქრეთ ანარეკლები.
არა ნაკლები სინანული - მე? მე - ტირე - ბ(მ)ა:
- გაკავშირებთ…

***
არც ერთი ღამე მთვარის გარეშე,
ჩაი - მარილივით გემოვნებით,
ანგელოზები და დემონები - ნიცა, ნიცშე და შენობები.

დარაბებს მიღმა - შემოდგომა,
აქ დგომა აკრძალეს,
გალობა - შეუძლია მხოლოდ მრევლს,
აქტიურს, ცოტა თავსაფრიანს და რაც მთავარია - (ზე)ციურს.

ზარი - ტელეფონი - კავშირი - ჟეტონები
სამფეხიანი სკამი - ორმოცი - გადაუხდელი,
კაქტუსი - დატეხილი, ურჯულო მეზობელი,
ოცდაათდღიანი უწყლობები.

* * *
მძევალი კუპიდონი - ამძაღებული გრძნობები,
უჩრდილო დერეფნები
უწყლო უდაბნოები.
არც ერთი სიტყვა
და
შეუსრულებელი მოთხოვნები -
დატეხილი თითები, ორმოცდაათსიტყვიანი წერილები.
მელოდეთ - გაკავშირებთ…

დახვეულ სადენებზე ჩამომხრჩვალი ფრინველები.
შენი ხმა - სმენა - მე

ვგავარ ჩაძირულ გემს,
რომ ვერ შველის ვერც ერთი ნემო,
გაუდაბნოვდა გაუცხოება
და მე დღემდე ვეძებ პასუხს
რომ ვუყურებ გაფრენილ ჩიტებს ჩემი
ფანჯრიდან -

საით მიფრინავენ? როგორ კვდებიან?
Laravel

კომენტარი

1
გარჩა
გარჩა პროგრამისტი დონე 1 · ახალბედა 4 წლის წინ
რა კარგია ^_^
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →