შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

საგანძური

ვფურცლავ საგანძურს და მესხი ბიჭის
ვეთაყვანები სულს დიდს და მდიდარს,
როგორ ძნელია და როგორ მიჭირს,
არ თანავუგრძნო მე გზად და ხიდად
გადებულ გრძნობას, რომელიც ნიჭის
ნაყოფია და გულში ფესვს იდგამს.

რაც არა სწადდეს ღმერთს არ იქნების!
თუმცა კი სცადეს მისი წართმევა...
ამოკალმული სულში რითმებით,
განა ადვილი არის სათქმელად:
მესხი პოეტის ზენა ფიქრები -
სიყვარულისთვის ჭირთა დათმენა,

მეგობრისათვის გაწირვა თავის,
რომ ვაჟკაცობას ტოლი არ ედოს;
სიკეთისაგან გამიჯნე ავი
და განგვაშორე, უფალო ღმერთო,
რადგან სოფელი ცრუ და მუხთალი,
მიწყივ ავისა მქმნელია ერთობ...

ვფურცლავ საგანძურს, თითქოს ოლარი
საბურველია და ვდუმვარ განზრახ,
ვხვდები, პოეტი და ხელოვანი,
რა მოკრძალებით გაივლებს აზრად,
რომ სჯობს სიკვდილი სახელოვანი
ნაფერებსა და სიცოცხლეს ნაზრახს.

ლექსის მარცვლები ჩამოთლილები,
ვით ბროლ-ბადახში და მშვიდი ლოცვა,
ნაგვირისტები ლექსის რითმები,
სიყვარულისგან განცდილი შფოთვა;
ქართველო, მჯერა, მუდამ იქნები
ამაყი, რომ გყავს რუსთველი შოთა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →