შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მომრთე

მ ო მ რ თ ე

მომრთე! ზეთის ხილის ყვავილებით
მორთე გადაღლილი ჩემი მხრები -
ბევრი უშენობის მზიდავი.
მომირთე ტუჩები - კოცნით მორთე,
მერე ის კოცნები სულ თან გქონდეს
ყოველი უჩემო ცისმარე...
სანამ მიტოვებულ ხეობების
სევდით ვყვავილობ და ვიტოტები,
მორთე ჩემი სულის წინკარი.
მეყოს ფიქრებად და გაკვირვებად
(თუნდაც ჩაგითვალო ახირებად) -
დაბრუნდი და რამე მითხარი.
ამ სიმარტოვეშიც შენთანა ვარ!
მომრთე ჩემივ ცრემლით - ყელსაბამად
მზის წნულთან დამკიდე კურცხალები.
ღამეებს მივადგამ საფეხურებს,
დღეებს ვატყუებ, რომ დაგეურვე,
ვატყუებ და შენთან ვიპარები.
თვალები მომირთე შენი ანარეკლით -
იფეთქე გუგებში... ისევ გამალებით
აქრე ჩემი ტანის ხანძარი.
ამ ხელების თრთოლვის გაყუჩება
შენს ხმაში ახეთქე გაურჩებად,
მის მნუსხავ ხავერდში დაძარი.
თითები მომირთე იასამნით,
თმები - გვირილების ნაწნავებით,
ყურთან ამიქარვე იის ფურცლებივით
მსუბუქი ჩურჩულის წამ-წამები.
მორთე განთიადი მოლოდინით,
ძილი - სიზმრების მაქმანებით,
საღამო - წვიმებით, ელვებით.
მომრთე ტკივილებით-გაუსაძლისებით,
როგორც ამ გაზაფხულს ნაძვის კორომებით
მოურთავს ლურჯი მთის ფერდები.
მორთე ჩემი ბაგე გაღიმებით,
შენი დანახვით რომ იბადრება -
იმ ღიმით გულისპირი მოიჩითე.
მომრთე საშენოდ და შენით მომრთე...
იმედით, ელდით და თრთოლვით მორთე
ჩემი ცხოვრება კიდით-კიდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →