შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

თვითმკვლელის ლექსი

ცისკიდის იქეთ,
ქუხილისფერი ცისკიდის იქეთ,
ჩემი ვნებების დასალიერთან,
სიმშვიდე სუფევს.
შენი მზერის სიმშვიდე სუფევს,
და ვიცი მე იქ
ყველაფერი მეპატიება.
მეპატიება:
სახლი, რომელიც ვერ ავაგე,
ბავშვი, რომელიც ვერ დავბადე,
ხე, რომელიც ვერ გავზარდე,
ცალი, რომელიც ვერ ვიპოვე,
დარდი, რომელიც ვერ ვიდარდე
და სიხარულიც – სხვისი რომ იყო და
მივითვისე!
მეპატიება:
რაც ლექსი ვწერე და
რაც ვერ ვწერე
რაც ვერ ვიცინე,
რაც ვერ ვიტირე,
რომ ვერ გადიდე,
ხატსაც ვერასდროს ვეამბორე,
და ვერ ვისწავლე
ვერც გარინდება,
ვერც მორჩილება,
ვერც თავდაჭერა...
მეპატიება,
ალბათ ისიც რომ...
უდიერად გამოვიყენე
შენი ნაჩუქარი სიცოცხლე,
როგორც,
უბრალოდ,
უბადლო მეტაფორა...
სიკვდილის სიდიადის აღსაწერად.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=57323

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →