შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ქვეყანა, რომელსაც მწერალი მოუკვდა

მაღლა მთას მოდგა, უცხო ფრინველი,
უცხო ფრინველი, თეთრი ფრთიანი,
ბოლოწითელი
(ხალხური)


როგორ უჭირდა,
წუხელ მესიზმრა ვიცი,
როცა დამარცხდა და
წიწამურის გზაზე
მონსტრი,
სახელად_პროლეტარული შური,
ბერდენკით კლავდა
ქართული აზრის საზრისს

როგორ ტკიოდა
პაპაჩემისგან ვიცი,
თებერვლის დილას
კოჯრის ტყეების მხრიდან
მონსტრი,
სახელად_ბოლშევიკური ჟინი,
რომ მოასკდა და
ტყვიით თვალებს რომ თხრიდა

როგორ დაშინდა,
მამაჩემისგან ვიცი,
ბელადის მითებს
მსხვერპლად შეწირულ ბალღებს
მონსტრი,
სახელად_შოვინისტური რისხვა,
ცხრა მარტს, შხამიანს
რომ აფურთხებდა ბალღამს

სისხლი სდიოდა
ცხრა აპრილს,
თვითონ ვნახე,
ტანკის წინ მდგარი
ჯოხით ებრძოდა რკინებს...
მონსტრი,
სახელად_იმპერიული ზრახვა,
ნიჩბით უჩეხდა საუკეთესო შვილებს

მერე,
ჩვენს თვალწინ
ცუდად აემღვრა გონი,
ვერ მოერია მტრების
იარაღს ნაცადს
მონსტრი,
სახელად_სამოქალაქო ომი,
თავისუფლებას თვალში აყრიდა ნაცარს.

ნოემბრის შვიდშიც,
კიდევ ერთხელ და ბევრჯერ
ძლიერი ისევ
წიხლით შემოდგა ურჩებს
მონსტრი
სახელად_ძალაუფლების ხიბლი,
აწიოკებდა ჩემი ქალაქის ქუჩებს.

ამ ჟრიამულში,
ადევნებული მონსტრებს,
ქერქეტი ქარი
თბილისს თეთრ კვამლში ხვევდა,
გული ვატკინეთ და
გაგვეცალა ჩუმად
კაცი,
სახელად_ადამიანთა სევდა...
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=1144

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →