შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უკვდავების წყურვილი

ბედის ნებიერს
ბროლისა და
ბოლის ქალები
ფეხქვეშ გიფენდნენ
ცეცხლის სხეულებს.
ტანზე ვნებებიც შემოგაცვითეს და....
გაიარეს გულისგარედან,
რადგან გოდოლში,
მედიდური თავკერძობით
რომ დაგიგმანავს,
ვერცერთმა ვერ შემოაღწია.
დ ღ ე ს კ ი...
ჭაღარა დენდს და ცინიკოსს,
მარტოკაცობის მოტრფიალე
ცუღლუტ ეგოისტს,
რატომ გიღიმის ჭინკა ბოთლიდან და
ბოლო ჭიქის გამოწრუპვისას
რად გეჩვენება,
რომ სადმე ცხოვრობს
რ ო დ ე ს ღ ა ც,
ერთხელ,
სულშემთხვევითგახეული
კ ა ნ დ ო მ ი ს
სახელობის
ბავშვი - იმედი,
რ ო მ ე ლ ი მ ე
თითქმის უცნობმა ქალმა - გუგულმა,
შენს უკითხავად,
კედლის საათის ბუდიდან რომ
გადმოაგდო და...
სადღაც, ჩვილ ბავშვთა თავშესაფარში
დ ა ა ბ ი ნ ა ვ ა.
რატომ გგონია,
რომ სწორედ ამ დროს,
რომელიღაც პატარა ბიჭი
ან თუნდაც გოგო,
დაბეჯითებით იმეორებს
შენს შეკრულ წარბებს,
მძიმე ნაბიჯებს,
ზუსტად შენსავით
იჭმუხნის შუბლს და
შენი უხეში ხელისგულიდან
გ ა დ მ ო წ ე რ ი ლ ი
სიცოცხლის ხაზის გაგრძელებას
ჯიუტად ცდილობს...
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=6997

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →