შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩემი კოშკის შუქურა

მე ისე ძლიერ მიყვარხარ, კარგო,
რომ ფიქრშიც არ მსურს ფრენის სიამით
ვგრძნობდე მაგ გულის უცნაურ ძგერას,
მაკრთობდეს შენი მზერის ნიავი...
არ მინდა უცებ შემომხვდე გზაზე,
ნუშის თვალები შემომაყარო...
მიწიერ ნათელს ვერ ეგუება
ეს უცნაური ჩემი სამყარო!
წავალ, იქ სადაც მუზის კოშკია,
ქვეყნიურ ყაყანს მოშორებული,
იქ არის ჩემი ყველა საუნჯე,
იმ სამოთხეში ისვენებს სული.
და შენი სახეც იქ სახლობს ხატად,
შუქურასავით ელავს და კრთება,
არ მეკარგება, არ მებინდება,
წარსულის მტვერი არ ეფინება.
ასე გაგრძელდეს დიდხანს და დიდხანს,
არ მიმატოვოს მე შენმა სახემ,
მარად იბრწყინოს ჩემს საუფლოში
გრძნობამ, რომელიც შემოვინახე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →