შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ღმერთი, პოეტი და ფილოსოფოსი

ერთხელ მამაღმერთმა მოიწვია ერთი პოეტი და ერთიც ფილოსოფოსი და ჰკითხა: რომელია უფრო პოეტური სიტყვა ამ სამიდან: ტაძარი, ვარდი, სპირალი. რომელი მათგანი გამოხატავსო უკეთ ცხოვრების მხატვრულ, მეტაფორულ არსს?
პოეტმა თქვა: ტაძარი და ვარდიო.
ფილოსოფოსმა - სპირალიო.
პოეტს სასაცილოდ არ ეყო ფილოსოფოსის არჩევანი, ფილოსოფოსს - პოეტისა.
პოეტმა თქვა: ფილოსოფოსებს არაფერი გაგეგებათ პოეზიისაო. ფილოსოფოსმა უპასუხა: პოეტებს არაფერი გესმით ფილოსოფიისაო.
ღმერთმა გააჩუმა მოდავენი და თქვა:
- მე პოეზია ძლიერ მიყვარს და დიდ პატივს ვცემ პოეტებს, მაგრამ პირველ სიტყვას ფილოსოფოსს მივცემო.
აჯანყდა პოეტი: ეგ როგორ? ეს პოეტების ჯილაგის შეურაცხყოფააო.
ატყდა ,,არასა" და ,,ჰოს" ომი.
- ნუ მედავებით, - უთხრა ღმერთმა.
- შეგედავები, - თქვა პოეტმა, - და ღმერთთან მებრძოლი პოეტის სახელი დამრჩებაო.
როცა დააწყნარა ღმერთმა პოეტი, ფილოსოფოსმა თქვა;
- აქ გვაქვს ,,არასა" და ,,ჰოს" ომი.
- ,,ჰო" და ,,არა" ფილოსოფიური საწყისებია თავისი ბუნებით. ხშირად უარყოფითში მეტი ,,ჰო" არის, ვიდრე თანხმობაში. და ბევრი ,,არა" ,,ჰოს" სჯობია.
ღმერთს სახე მოეღრუბლა: ძაან შორს შესტოპეო. ფილოსოფოსმა კი განაგრძო:
- ზოგჯერ ისეთ საგნებს შორის ისახება კავშირი, რომლებსაც თითქოს არავითარი შინაგანი კავშირი არ გააჩნიათ. - რა აქვთ საერთო, მაგალითად, ,,ჰოს", ,,არას" და სპირალს? - თქვა ფილოსოფოსმა და ნიშნის მოგებით გადახედა პოეტს.
სპირალში ვინც პოეტური და ფილოსოფიური მეტაფორა და სიმბოლო აღმოაჩინა, ის მხატვარიც იყო და ბრძენიც. ის სულაც არ ჰგავდა ამ ჩვენს ოპონენტ პოეტს.
- სპირალი, თითქოს რა უნდა იყოს ამ საზეინკლო ნამუშევარზე უფრო პროზაული, - თქვა ფილოსოფოსმა, და ჯერ ღმერთს ახედა, მერე პოეტს, - სინამდვილეში კი ეს ნაკეთობა - დიდ პოეტურ და ფილოსოფიურ არსს იტევს.
მუშის ხელიდან დიდი ფილოსოფია გამოდის. ქარხანა უშვებს ამ ,,ფილოსოფიურ ნაწარმს".
უარყოფის უარყოფის კანონს აძლევენ მეტაფორულ სახეს და ადარებენ სპირალს.
- მას ისრის სიმბოლიკა დაამშვენებდა. ეს კანონი ხომ განვითარების მიმართულებას გვაჩვენებს, - თქვა ფილოსოფოსმა.
მეტაფიზიკოსს ჰგონია, რომ მოძრაობა წრიულია - მეორდება ერთი და იგივე.
- არა წრე, არამედ სპირალი. აი, განვითარების ,,გეომეტრიული სახე", - თქვა ფილოსოფოსმა და განაგრძო: - და არა სწორი ხაზი. ხაზი დაგრეხილია სპირალად. ეს არის დიალექტიკა განვითარებისა.
- სპირალის სამი რგოლი - აი, მეტაფორა განვითარებისა, აი, მხატვრული სახე! - თქვა ფილოსოფოსმა და თმა გაისწორა.
ღმერთმა მანტია აჩუქა ფილოსოფოსს ცხოვრების არსის სიბრძნისმეტყველური და პოეტური ახსნისათვის, სამ სიტყვაში ყველაზე საჭირო სიტყვის არჩევისათვის.
- მე? - თქვა პოეტმა და შურით შეხედა ფილოსოფოსის მანტიას.
- შენ აიღე ვარდი და წადი ტაძარში, ილოცე ნათელხილვისათვის, - უთხრა ღმერთმა პოეტს, - დაიხსომე, პოეტური და არაპოეტური სიტყვები არ არსებობენ, ყველა სიტყვა პოეტურია ჭეშმარიტი პოეტის ხელში, და ყველა ლამაზი სიტყვა მახინჯდება უნიჭოს ხელში.
პოეტი მაინც ჭირვეულობდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →