შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

რუხი ფიქრები

უცხო ქუჩები, ქარების ქროლვა
და ბედის გზაზე ვრიგდები ბედთან.
ნაბახუსევზე ვესწრაფვი ბახუსს,
მტკივან გულივით უგულოდ ვფეთქავ.
ბოლავს თამბაქო, დგება სიჩუმე,
მოგონებებიც სულზე დამდიან.
ანგელოზები ჩემგან შორს დგანან,
ჩამოდიან და ზეცად ადიან.
მე სარდალი ვარ წაგებულ ომში
და ბრძოლის ველი ჩემი გულია.
მიგალობს წყარო ვერცხლის შხეფებით,
მე კი წყლის ნაცვლად შხამი მწყურია.
დაუსრულებლად ისევ გავდივარ
უცხო დარბაზებს სულ უცხო ხალხში.
აღარც ყანა და აღარც სამკალი,
ფერი ვიცვალე გრძნობების მკაში.
უცხო სარკმლიდან გავცქერი ქუჩას
და ქართა ქროლვა უფრო მძლავრია.
მცვივა და მცივა მე შენი ტრფობა,
რომელიც ერთ დროს მსურდა ძალიან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →