შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქორონიკონი

ოხ, როგორ ითრევს მარტოობას მღვრიე მორევი,
როგორ ახეთქებს სულის ჭურჭელს კლდის ნაპირებზე,
როგორ გუგუნებს ბეთჰოვენის მკაცრი ნოტები,
ცხელ უდაბნოში დატოვებულ სველ ნაბიჯებზე.

ცის ლაჟვარდიდან ოქროსფრად თოვს ბრჭვიალა მტვერი
და მინდვრის ღაწვებს ეფინება ფერუმარილად,
დანამულ ბალახს შიშით ლოკავს ობოლი შველი
და კლდიდან მომწყდარ ლოდებს გააქვთ ზათქი ნაპირთან.

სამზისსასხივოდ ფარფატებენ ლაღად პეპლები
და გრილ ნიავში სულს ითქვამენ თეთრი ვარდები,
იას ატყვევებს სინატიფე მორცხვი ენძელის,
ვხვდები სამყარაოვ, უსაშველოდ რომ მიყვარდები!

ქარებმა ფრთებად გამოისხეს გალას სტრიქონი,
მთებმა ნისლები დაიბნიეს ლურჯ საკინძეზე,
ვით მაჯისცემას დროს ისე თვლის ქორონიკონი
და გაჩერების აღარ ეძებს უკვე მიზეზებს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →