შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უნდა გვეცადა

რა ხანმოკლეა ზოგჯერ ცხოვრება,
მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვეცადა
დავმგვანებოდით ბავშვებს და ხეებს,
რომელთაც ცამდე გაზრდა ეწადათ.

რა ხანმოკლეა დილა ზაფხულის,
მწვანე ფოთლებში ქარვის მიგნება,
რა ხანმოკლეა წყვილი წვიმაში,
რომელიც ხვალ აქ აღარ იქნება.

რა ხანმოკლეა ზოგჯერ ღიმილი,
ან მწუხარება რა გზის ამბნევი...
და სიყვარულიც ასე ხანმოკლე,
ჰგავს გაელვებას იასამნების.

თითქოს გამოგვრჩა რაღაც მთავარი,
რა ხანმოკლეა, როცა მირეკავ,
რა ხანმოკლეა სარკე ოთახში,
რომელიც ყველა სევდას ირეკლავს.

მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გველოცა,
და გავყოლოდით ნიშნებს ბრმასავით,
რა ხანმოკლეა, მატარებლები
გეზს აიღებენ როცა არსაით.

როცა ლოდინის წამი მორჩება,
და გავიფიქრებთ: ''ღირდა რისათვის'',
მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვეცხოვრა,
თუნდაც ამ მოკლე შეხვედრისათვის.

ვერ დავემგვანეთ ბავშვებს და ხეებს,
რომელთაც ცამდე გაზრდა ეწადათ.
რა ხანმოკლეა ზოგჯერ ცხოვრება,
მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვეცადა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →