შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჭაობი და დევის ქალი

ჭაობი და დევის ქალი

მწუხარებს ჭაობი — მეგობარს ნატრობს,
ვინ დაურუებს ამ ყოფის ნაღველს,
როდის დააღწევს თავს მიმხრჩვალ ტაფობს
და ჩაუყვება გზას გამდინარეს?

გაუყვებოდა მდელოს მზენასვამს ,
ძოწფერ ღეროებს მწვანე მინდვრისას ,
მერე იორთქლებს ცაში ქარავნად
ღრუბლების , ჰოდა ყველა იხილავს

რომ არის თეთრიც , ყოფილა მწვანეც,
ყოფილა წყალფერ — გაუმჭვირვალიც,
რომ ისურნელა ყვავილშიც , ხეშიც
და დაარწყულა ყველა მწყურვალი!

რა იქნებოდა … გამოჰყოლოდა
სიზმარეთიდან გზას დევის ქალი!
დაურუებდა თოხ-კავით ჭაობს
და იხუვლებდა მდინარის ზათქით !

რომ დაეარა მიწის ქვეშ წყლები,
შესვან ხეებმა , აორთქლდეს ღრუბლად,
და დანაწვიმი ღვარცოფის ჩქერით
ოკეანეთა შეერწყას სულთქმას !

სანამ მოაღწევს გზად დევის ქალი,
რა ეშველება ჭაობს მდუმარეს?
და დაურუებს სანამ თოხ-კავით ,
ეჩურჩულება მანამ დუმფარებს.

თითქოს ეძახის და შორით ყვირის,
გადაღმა ღვიის სიმწვანე ღვივის…
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →