შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

იავნანა

იავნანა

ვართ მე და შენ მზედ და მთვარედ,
მე-შენით,შენ- შენითადვე,
გულის გულო,დადის დარავ,
ნანი ნანა,ნანი ნანა ...

მო,მო აქვე საწინკაროს
გულის კარის ჩამომიჯექ,
გეგურგუროს სიო ნანად,
მტლე-მალამოდ დაგადინდეს!

გულის გულო,დარის დარად
სამზეოზე იარები,
რანაირად ააფრინე
დარდები და იარები?!

ნავენახარ-ნასახლარი
ისევ როგორ აფუსფუსე!
ნამჯა-თივა სალოგინე
თეთრ ბუმბულად აქუთქუთე!..

მზე-ტახტი და ვარსკვლავწნული,
მთვარე ბადრი გმსახურებდეს,
ნაკვალ-ნაქმნით ეზო-გარეს
უსასრულოდ არწყულებდე!

დაგელოცოს გზა-ხეირი
სულ დაფარულ-გამხელილი!
დაგათენდეს ნათლი დილის
ნაოცნებარ - ახდენილის !

მოდი,აქვე საწინკაროს
გულის კარის ჩამომიჯექ,
გეგურგუროს სიო ნანად,
მტლე-მალამოდ დაგადინდეს!

ვართ მე და შენ მზედ და მთვარედ,
მე - შენით ,შენ -შენითადვე !
გულის გულო, დარის დარავ !
ნანი ნანა, ნანი ნანა... ☀️


ივლიტა გოლეთიანი
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →