შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნასახლარები

აი, აქ არის პაპაჩემის ნამოსახლარი,
ეს ხატიმიწა,
ნიშიც, ქვებზე ხავსმოდებული,
აეს მთებია,
თან რომ დამდევს, როგორც სახადი
დამდევს და ვამბობ,
ჯერ კიდევ არ დავობლებულვარ...
იქ მინდვრებია,
გაღმით, სთიბდენ ჩვენი პაპები,
ცეცხლთან აკრავდნენ ბებიები ჯვრიან ხმიადებს,
ჩვენ ბუერებში ვთამაშობდით, ხმაურს აპობდა
ცელის ხმა,
მახსოვს, მთას ღიღინიც ახმიანებდა...
აეს ბანია,
ახლაც ვხედავ როგორ იჩრდილავს,
ბებიაჩემი ბანზე თვალებს,
გაჰყურებს ფერდობს,
„ჩე, საქონელი საძელისთავს ასულა ისავ...“
ამბობს და თავის დაკოჟრილ მუხლს ასვენებს ერდოს...
იმ რიყიანზე ილესავდნენ ცხენები ნალებს,
ნაოფლ გავაზე მიუშვებდნენ ამღვრეულ არაგვს
და შემოდგომის პირზე, თუნდაც ნოემბრის დამლევს,
ბურსაჭილს მაინც არ სტოვებდა არც ერთი გვარი...

აი, ეს არის პაპაჩემის ნამოსახლარი,
აეს მთებია თან რომ დამდევს,
ჩემი სახადი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →