შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შენს მოლოდინშიც

ციკლი ''ალეფი''

XIX

შენს მოლოდინშიც მოვა არავინ
ცისფერ თვალებით, დრო მიშრიალებს,
იტყვის: ‘’ოდესღაც წამი შეყოვნდა
და ამიტომაც დაიგვიანებს.’’

იქნებ არასდროს მოვა ნათელი,
ვით უცხო სახის მშვენიერება
კვლავ მწუხარების კორიანტელი
და მარტოობის ბედნიერება.

ლურჯი სინისლე შორი უღლების
ჩვენ დავიღუპეთ, ისევ მკრთომარედ,
რადგან მონობას თავისუფლების
თავი ვერასდროს ვერ დავუხარეთ.

იყო იმედი გადარჩენისა
ძვირფასო შენგან დანავალები
და უკანასკნელ აღმაფრენისას
მე გავიხედე შენი თვალებით.

როგორ გიყვარდი, მაგრამ გრძნობების
გაუჩინარდა წრფელი ხარება
ჰქროდა უამრავ თანაგრძნობებით
ჩვენი მდუმარე დასამარება.

ო’ არაერთხელ იყო წამები,
შენი კრთომების ალთა მდომელი
ნოემბერიულ დღეთა გამები
მზის მოლოდინით მიუწვდომელი

მზე კი გამოჩნდა ჩვენს გახსენებად,
მზე შენი მზერის მანათობელი,
ოდეს დამთავრდა შენი მშვენება,
შენი ღიმილი დამათრობელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →