შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შორია უკვე ყველა სამოთხე

თურმე იმ ღამეს შენთანაც თოვდა
მაინც არ თმობდა გული საგულეს
ცივი გრიგალი სულსაც მიკაწრავს
ჩემში შიშებმა დაისადგურეს

მანძილი ჩვენ შორის ერთი კოცნაა
და ვეღარ ვამსხვრევ ყინვის ბორკილებს
სიკვდილი შენში ცდილობს შემოსვლას
მალე სიცივე დაგიმორჩილებს

ისევ ეული საკუთარ თავთან
არარსებული რითმებით მთვრალი
კვდება პოეტი და ახლა მე ვარ
ჩემივე გვამის ჭირისუფალი

შორია უკვე ყველა სამოთხე
ვადა არ გასდი მხოლოდ სიყალბეს
მე ვეღარ გითბობ კოცნით ბაგეებს
და ვერც ეს ლექსი გამოიზამთრებს
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →