შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ქერათმიანი ნაზი ქალწული

ქარიშხალივით მოაპობ ქუჩას
ქერათმიანი ნაზი ქალწული,
შავსა კაბაში ნატიფად მოსჩანს
ეგ ავაზური ტანი ქართული...

ჩუმი ღიმილი გითამაშს ტუჩთან
და გული გეწვის გრძნობით ფარულით,
ხარ გაზაფხულის სიცოცხლის სუნთქვა
და სიყვარულის დღესასწაული...

ვითარ ძუ ვეფხვი მოაბიჯებ და
აფრქვევ ირგვლივეთს ცეცხლოვან მზერას,
შენ შორეული სიფაქიზე ხარ
მარად რომ ებრძვის თვის ბედისწერას...

ფარშევანგისფერ შენს სათუთ ფრთაებს -
თავისუფლებით სწყურია ფრენა,
შენს ბობოქარ სულს - სევდით ნაწამებს -
შვენის სიმშვიდის ტრფობა და რწმენა...

შენ უკვდავების ხარ ამზეება,
შენში მეუფებს ცის დედოფალი,
ვერ შეგეხება ამაოება,
შენ ერთს მოგელის ყველა მწვერვალი...

შენს ჭრილობებზე გულის იყვავებს
ცისარტყელასფერ გრძნობის აისი
და სიყვარულის დაკრეფ ყვავილებს
ლამაზი სულის თეთრი მაისი...

შენში რომ სუფევს იმა სამყაროს
ქედს მოუდრეკენ მაღალი მთები,
რომ ღვთაებრივი ძალით გაშალო
ანგელოზური ეგ შენი ფრთები...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →