შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს

უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს

მე მარტოობას ანათი ვძლიე
მზე მაწანწალა ძაღლის ლეშია
უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს
ბნელი ტყეების მაგია მშია

ცის ანგელოზნი ღამეს მითევენ
როგორც ისააკს დანამიდებულს
უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს
და იობივით გადაფითრებულს

მეშინის კუბოს და მყრალი ჩონჩხის
ღამე ვარსკვლავებს აჩენს შიშიდან
უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს
მწველ ლაკრიმოსას ძალა მიზიდავს

მე მაპატიოს ცრემლები ანამ
ვარსკვლავზე ნაზმა, ბინდის ფერიამ
უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს
ზამთრის ჩიტივით მომიწყენია

ბედი ამაზრზენ ცხოველს მიაგავს
სამტროდ მღვიძარე გველეშაპს ეშვით
უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს
მთვარესაც სძინავს მომწყვდეულს ხეში

რისთვის მოვედით ამ ქვეყნად ანა
თუ ფანტელივით სიცოცხლეც ქრება
უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს
მე ხელოვნების მაწამებს ვნება

სიზმრის ზარებში ტარკოვსკის სარკე
ჩაბუდებულა თითქოს იმედად
უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს
დასაბადებლად რამ გამიმეტა ? !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →