შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დაშბაშის წმინდა გიორგი

ქარები იცის ისეთი -
ხან აგამაღლებს, ხან დაგშლის.
ხევებს გაჰყურებს ამაყად
წმინდა გიორგი - დაშბაშის...
ის აუგიათ დაკვეთით,
ერისთავთ ერისთავისა;
ბორცვზე შემდგარი სიწმინდე
ბუნებამ გაითავისა...
მდინარე ხრამის, მარჯვენა,
დგას ქარაფოვან ნაპირზე...
ეს ადგილები, მრავალგზის,
მომხდურთ გამხდარა სამიზნე...
მის დიდებაზე წარწერა
ასომთავრულად ქადაგებს;
ისე ბზინავენ ლოდები,
მზე თან ჰკოცნის და თან აქებს...
აქ ღამეც ისე ნარნარებს,
რომ გული აგიჩუყდება;
მთვარე რომ ზეცას ხელს აწერს,
მთელი გარემო ჩუმდება...
შიგნით სანთლები ღელავენ,
გულს დარდი არ აბადია...
გარეთ კი წინაპრებისა
წმინდა სულები ანთია...
გუმბათზე წვეთი სრიალებს,
თან ცრემლი არის, თან ცვარი...
ხალივით ხატავს ხეობას
სიცოცხლისფერი ტაძარი.
ქარები იცის ისეთი -
ხან აგამაღლებს, ხან დაგშლის.
ხევებს გაჰყურებს ამაყად
წმინდა გიორგი - დაშბაშის...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →