შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

კლდე იშორებს პირზე შხეფებს

ტალღა ნაპირს ეხეთქება,
კლდე იშორებს პირზე შხეფებს,
მინდა შეგხვდე ისე, როგორც
ია ხვდება პირველ შემხვედრს...
მინდა შენი სილაჟვარდე,
მინდა შენს ცას დავენახო;
მინდა შეგხვდე ისე, როგორც
ვაზი ხვდება სავსე ნაყოფს...
ქარებს ხელი არ გაუშვა,
ძალას იგრძნობ მოჭიდებით,
მინდა შეგხვდე ისე, როგორც
მზეს ხვდებიან ლურჯი მთები...
დავდივარ და ყველგან გეძებ,
დარდით ფეხი გამენასკვა;
მინდა შეგხვდე ისე, როგორც
ღამით ხვდება მთვარე ვარსკვლავს...
აზრს სიცოცხლე კარგავს მაშინ,
როცა იმედს კარგავს გული,
მინდა შეგხვდე ისე, როგორც
წყაროს ხვდება ნაკადული...
ჯერ ადრეა სიცივემდე,
სანამ ისევ ბარში მოთოვს;
მინდა შეგხვდე ისე, როგორც
ტოტი ხვდება გაშლილ ფოთოლს...
უთხარ შენს ცას - გამონათდეს
და ჩემი მზე დაიფიცოს;
მინდა შეგხვდე ისე, როგორც
დედა ხვდება თავის პირმშოს...
შენ წამოდი, ნოემბერი
უცილობლად დაგთანხმდება...
მინდა შეგხვდე ისე, როგორც
შემოდგომა ზამთარს ხვდება...

გ.ო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →