შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ეი, თქვენ, ამპარტავანნო

ეი, თქვენ, ამპარტავანნო,
რას იბღინძებით ნეტავი?
სხვის ცოდვებს კარგად ხედავთ და
თქვენისვე თუ ხართ მხედავი?

ხოტბა-დიდება გახარებთ,
თითქოს მეტი ხართ რამითა,
ქების ღირსი ხართ თუ არა,
არ დაფიქრდებით წამითაც;

თუ დაგაფასეს ზედმეტად,
სიხარულისგან იმღერებთ,
უფლის ნაბოძებ ნიჭებსაც
საკუთარივით იფერებთ;

მაგრამ, თუ ვინმემ გაბედა,
შენიშვნა მოგცათ კრძალებით,
მცირე საყვედურს ვერ იტანთ,
მზად ხართ, დაკორტნოთ თვალები;

ისეთ ქარიშხალს დააწევთ,
თითქოს მოსისხლე მტერია,
წიწილასავით გაგლიჯავთ,
თუ აქეთ ვერ მოგერიათ;

ეი, თქვენ, ამპარტავანნო,
გეყოთ ქიშპი და დავები,
ცოტა გონს მოდით, ბიძიკო,
სულ არ დაკარგოთ თავები;

ენით რომ უფალს ადიდებთ,
ეკლესიებშიც დადიხართ,
თუ იცით, ქცევით ბინძურით,
რა სისაძაგლეს ჩადიხართ?

„გიყვარდეს მტერი შენიო“
გვასწავლის ღმერთი ულევი,
თქვენ კი მოყვასსაც არ ინდობთ,
გაგქვავებიათ გულები;

ნუთუ არ იცით, უგნურნო,
ან არასოდეს გსმენიათ:
ამპარტავნება სულისთვის
ყველაზე მძიმე სენია;

ის კი არ არის მთავარი,
რა იცით ან რა გინახავთ
სულია გადასარჩენი,
სიწმინდეს როგორ ინახავთ;

ერთს შეგაგონებთ დასასრულ,
დაიმახსოვროთ ნეტავი:
ზოგჯერ სხეული სუფთაა,
მაგრამ სულია მეძავი;

ამ სიტყვებს უპირველესად,
რაც ეხლა გაგიგონიათ,
ლექსის ავტორსაც ვაკადრებ,
რადგანაც ღირსი მგონია.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია