შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არის წუთები, ხანდახან...

არის წუთები, ხანდახან, მხოლოდ სიკვდილი მინდა,
როდესაც აღარაფერი სულში არ დამრჩა წმინდა,
როცა დემონთა ლაშქარი მღრღნის ცოდვებისგან უძღებს,
როცა სინდისი ტკივილებს ვეღარ იტანს და უძლებს;

არის წუთები, ხანდახან, მხოლოდ ტირილი მინდა,
როცა მხნეობა მელევა, არ დამრჩა ერთი ციდა,
ცრემლები თავად მოდიან, არ უნდათ ვინმეს ნება,
სული ტანჯვისგან ილევა, გული დარდისგან კვდება;

ვინ იცის, ღმერთმა რამდენი ღამე მარგუნა წილად,
როცა ვინატრე, ნეტავი, არ გათენდესო დილა,
ღამე დარდისთვის სათნოა, ჩუმად ინახავს ცრემლებს,
სულში არავინ გიძვრება, არ გიფათურებს ხელებს;

არის წუთები ხანდახან, როგორც ფიფქები ციდან,
მინდა გავექცე სამყაროს, გავქრე და დავდნე მინდა,
ნეტავი გულმა გაუძლოს მძიმე, მტკივნეულ წუთებს,
ოღონდაც სულმა იბრძოლოს, როცა ეშმაკი უტევს;

არის წუთები, ხანდახან, მხოლოდ სიკვდილი მინდა...
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია