შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დუმილის სიმღერა

<blockquote>,,ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმვართ"
უ.ფოლკნერი
,,სულ ჩუმათა ვარ, ასე ვტირი"
მეეზოვე ვილიამა</blockquote>

პირში დუმილი დავიგუბეთ,
მალე დალპა,
ჩვენში წვეთავს და ძარღვებში სისხლთან ერთად მიედინება.
<em>,,ადამიანის სხეული ხომ უმეტესად წყლისგან შედგება"</em> - გვითხრა ერთხელ მასწავლებელმა და არ იცოდა,
რომ ეს წყალი ის წყალია, ნაწილ-ნაწილ ჩაყლაპული, ჩაგუბებული -
ჩვენში წვეთავს და ძარღვებში
სისხლთან ერთად მიედინება
და
ძარღვებს ფხაჭნის
და გაკაწრულ, უთხელეს ძარღვებს
სისხლში სულ სხვა სისხლი ეღვრებათ.
არავინ იცის ამ მღვრიე და სუნიან წყალზე,
დუმილის წყალზე -
გულს რომ ეს წყალი ამოძრავებს,
ესვე აჩერებს.
ჩვენ ჩავყლაპეთ ჩვენი უხმო და ოცნებებგამოფატრული
შორი ბავშვობა
და მერე მკვდარი ახალგაზრდობა,
ნაწილ-ნაწილ დავჭერით და გადავადნეთ - წყლად ვაქციეთ
და ჩავყლაპეთ.
ჩავყლაპეთ მზერა -
მეტროსადგურის ჩასასვლეთან მდგარი გოგოს და გოგომ ბიჭის - რადან შუაში ბევრმა ხალხმა, ჭრელმა ხალხმა გამოიარა - ცოტა ხანი დავიგუბეთ, ვერ ვიპოვეთ ერთმანეთი და ეს მზერაც წვეთ-წვეთობით სხეულის ჭაში ჩაგვეღვარა.
ყველა უარი სიყვარულზე,
ყველა წასვლა,
ყველა ზურგის ცივი თვალები.
ფეხის ყველა გადაბრუნება.
ვიყოთ სასტიკი და ესეც ვთქვათ,
ფიქრის ყველა გადაბრუნებაც :
ყველა კაცი და ყველა ქალი,
ვისი მოკვლაც მოგვინდა და ვერ შევძელით ან არ შევძელით -
ცოდვის შიშში გავაწყალეთ - ისე ჩავყლაპეთ!
ასეა, ჩემო გულუბრყვილო მასწავლებელო!
შენც წყალი ხარ,
მეც წყალი ვარ,
ისიც წყალია.
დაგუბებული და დამპალი, უფერო წყალი.
უცნაური ამ საქმეში მხოლოდ ის არის -
რომ წყალი ვართ და ოდესმე მიწად ვიქცევით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →