შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წიქარას სიმღერა

მივიხედე -
ბუზის ტოლად რაღაც მოჩანს -
დარდი იქნება შფოთვის ცხენზე ამხედრებული -
ვთქვი მე,
მოვისროლე მოთმინება
და სუროხშირი ტყე გაჩნდა.
მივიხედე -
ბუზის ტოლად რაღაც მოჩანს -
სნეულება იქნება,
ხორცის მხრავი და სისხლის მხვრეპი -
მოვისროლე მწარე წამალი
და სალი კლდე გაჩნდა.
მივიხედე - ბუზის ტოლად რაღაც მოჩანს -
სიკვდილი იქნება,
ფიქრის გამქრობი და უსაშველო -
ვთქვი მე,
მოვისროლე ყველა შელოცვა,
რაც კაცს უთქვამს დასაბამიდან,
მოვისროლე და
უძირო ჭა გაჩნდა -
იქ დაინთქა სიკვდილი.
მივიხედე - ბუზის ტოლად რაღაც მოჩანს.
არცა რა მქონდა, რომ მესროლა.
დავჯექი და დაველოდე.
მოფრინდა ბუზი და გაფრინდა.
მაშინ ვიფიქრე -
ეგებ ყველა ბუზი იყო?
გამეღიმა და გავქრი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →