შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

იმ მყუდრო ღამეს

Ravenn 7 თვის წინ
ქარი არ ქროდა იმ მყუდრო ღამეს,
სხივი დაქროდა სარკმლის მინაზე,
ვნებებმა ქარებს რომ შეგადარეს,
იქროლეს მშვიდი დარის ჯინაზე.

უძილო ღამეს შეხიზნულები
(ასე სჩვევიათ შეყვარებულებს),
და მოფრთხიალე ჩვენი გულები
ჰგავდნენ ტრფიალით დამთვრალ ღამურებს.

იმ ღამით დარდი გულს არ გვეკიდა,
არ შედიოდა ჩვენს სათვალავში,
შენს წინ ვიდექი მორჩილ შეგირდად,
ვიწვებოდი შენს ალისფერ თმაში.

თითები ნორჩი, სული ზრდასრული,
ცივი გონება, წუხილის სია,
სიბრაზე შენი, ზღვარგადასული,
მიზიდავს თუნდაც პარადოქსია.

იმ მყუდრო ღამეს ქარი არ ქროდა,
მე გაგიღიმე, შენ გაინაზე,
ჩვენი ჩრდილები წინ მიგვიძღოდა,
ამ სიყვარულით გაკვალულ გზაზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →