შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ტავტოგრამები

ტავტოგრამა - მ

მტერი მუდამდღე მრავალგვარია:
მართლობს მტყუანი, მზეობს მართალი.
მეფე მეფურად მიიწევს მაღლა,
მონას მონურად მოსწონს მათრახი.

ტავტოგრამა - დ

დარიან დღეებს დედამიწაზე
დაუსრულებლად დარაჯობს დედა.
დრო დაამარცხებს დარდსა და დრტვინვას.
დიდების დილა დუმილით დგება.

ტავტოგრამა - ს

სიო სისინით სრბოდა სულეთში,
სამარადისო სუნთქვით სუნთქავდა.
სიკვდილმისჯილებს სიცოცხლე სჯიდა,
სულ საბოლოო საათს სუდრავდა.

ტავტოგრამა - ბ

ბავშვია ბედის ბორანზე,
ბარში ბუდეა ბუების.
ბოლოცეცხლების ბრიალი
ბევრჯერ ბრალია ბუნების.

ტავტოგრამა - ნ

ნიამორები ნავარდობენ ნაჩრდილარებში,
ნაპირად ნახავთ ნორჩთა ნაზად ნიავქარობას...
ნაბადმოსხმული ნინველია ნავში ნატიფში,
ნაწვიმარნამჯანაჭამნასუქ ნერბებს ნატრობდა.

ტავტოგრამა - ა

აზრია არსებობისა
ახალი აკვნის აგება.
ანგელოზისგან აკრძალულს
ადამიანი არღვევდა...

ტავტოგრამა - გ

გარდაუვალი გახდა, გველებო,
გულწრფელ გონების გაყიდვა გროშად.
გულში გამქრალი გრძნობები გველის,
გარეთ - გამტყდარი გობების გროვა.

ტავტოგრამა - ი

იარებს ილბობს ირემი,
ილოკავს, ისარს იტკიებს,
ინამავს, იავადმყოფებს,
იესოსავით* იტირებს.

* - აქ: სისხლის ცრემლებით (სახარებისეულად ცნობილია, რომ იესო ქრისტე გეთსიმანიის ბაღში სისხლის ცრემლებით ტიროდა). მეცნიერთა მტკიცებით, სისხლის ცრემლებით ტირილი რეალური ბიოლოგიური პროცესია, რომელიც დიდი განსაცდელისას იჩენს თავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →