შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გული მებრალება უმანკო და ..

გული მებრალება უმანკო და
სამყარო ვარდისფრად დანახული.
ბაღი მებრალება უვარდო და
წლები სიზმარივით დაკარგული.
ქუჩა მებრალება უნუშო და
ტირიფზე ცრემლები შერჩენილი,
მერცხალი მებრალება უბუდო და
თმები ნაადრევად შევერცხლილი.

გული მებრალება უსხეულო,
სხვების ბოროტებით გათელილი,
ის მზერა რაღაცით უჩვეულო,
თოლია ნაპირზე დარჩენილი.

ის დღე მენატრება ლამაზი და
ატმის ყვავილივით ნამთვრალევი,
უღმერთო ლოდინი შარა - გზიდან,
სადღაც გაწყვეტილი ნაკვალევი.

სული მებრალება უნაპირო,
მისთვის გაღებული საზღაური,
ცხოვრება მებრალება უყვავილო,
რომელსაც არა აქვს სათაური.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →