შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

პირველი პაემანი

პირველი პაემანი

ზეცამ ცრემლი მოიწმინდა,
დარდი გადაიყარა,
ღრუბლის ქურქი გაიხადა,
მერე - გამოიდარა.
მიწამ ნაწვიმარი მინდვრის
ოხშივარი აუშვა
და, პეპელა ნაზი ფრთებით
გვირილაზე დაეშვა.
გოგომ ცრემლი შეიმშრალა,
თავი რიდით დახარა.
ბიჭმა ხელი გაუწოდა -
სიყვარული ახარა!
დაუკრიფა გვირილები,
მოუქსოვა გვირგვინი.
ბიჭი ტკბება სიყვარულით,
გოგო - წრფელად იცინის.
უღიმიან გვირილები,
შეხარიან პეპლები,
თავის ამბებს უყვებიან
ჭადრები და ვერხვები.
ბიჭმა გოგოს მზე აჩუქა,
მთვარე, წვიმის წვეთები,
გულზე მძივებად შეასხა
მოქარგული პეპლები.
მზის მანდილით შეუმოსა
ქარვისფერი ხალები,
სიყვარულით დაუნამა
სევდიანი თვალები.
გოგომ მორცხვად გაიღიმა,
გრძნობა ვეღარ დაფარა,
ბიჭს გულღიად სანუკვარი
სიყვარული ახარა!

დიანა ამბოკაძუ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →