შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

Ant mill /ჭიანჭველების წისქვილი/

უცხო ნაპირის, იმეორებს ქარის იარას,
ყოფნის ნიჟარა, მყუდროების მლაშე სპირალი,
დაბადებამდე, თითქოს, მანაც გაიზიარა,
წრფელი სიგიჟე, ჰამლეტივით, ნაშექსპირალი.

და ამ სიგიჟეს, -
(ნუთუ ისევ დამელოდებით?! -
ნაყიდ თვალებში ვისთვის დვირე, ვისთვის ბეწვია...)
თუ შურისგების უსხეულო კამელოტებით,
კვლავ ძველმანებში გადაცმული ღმერთი ეწვია; -

მაშინ ამაო იმედებით დაცლილ დრამაში,
კვლავ ყარიბის როლს შევთავაზებ სადებიუტოდ,
ამ შურისგებას ერქმეოდა მჩატე თამაში,
ნელთბილ სოფელს რომ კვლავ ვერ ეცნო...
მე კი, იუდად -

კაიაფასგან შერაცხილი, გარდა სხეულის,
დაგთმობდი შენ
და რაც ღამეებს ამადრიგალებს,
რჯულის ფიქლები,
სადაც, ლოდზე გადამსხვრეული,
ხელის ჩაქნევად ეღობება სულის გრიგალებს...

•
თუ შეკითხვაა, -
ესე იგი რაღაც დავკარგეთ,
თუ - მოლოდინი, -
ესე იგი რაღაც გვაკლია,
ან, უფრო, ვიღაც,
ვინც შორიდან ადრე დაქარგე,
ან, თუ პირიქით...

სივრცეებში როგორც გრაკლიანს, -
ამოიკითხავ მხოლოდ სახელს,
შენ,
და ანბანი -
ისევ თანაბრად მიღამდება წრიულ რბოლაში,
მემფისის შმორის უდაბნოთა ქვიშით განბანვა
და სალოსური ამ სიგიჟის წრფელი კოლაჟი.

26. 04.2024
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →