შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

კარცერ-ლექსი

მივიწყებულ საყუდრის, ჟამის თანამწირველად,
გულის მეტრონომივით წვეთავს ყინვის ლოლუა,
ისე უნდა გიყვარდეს, როგორც თავდაპირველად, -
ისე წერდე, თითქოსდა ეს ტაეპიც ბოლოა...

ლპება ნაგავსაყრელი, ვით ქალაქის არქივი...
არყის ბოთლით გამოდის მესაფლავე გივია,
აქ არავინ უარგყოფს და მამალიც არ ყივის, -
მხოლოდ დახავსებული იმედები ყივიან...

და მზის ხმაურს აყუჩებს აღსარება რიონის,
(...სულ ვიცოდი, ბინულიც რად მონათლა "ძირულად"...)
ვინც თითებით ამოწმებს საკვრელებს ორიონის,
და ჯალათზეც იღვაწა ძმაზე თავგანწირულად;

ვინც წინასწარ იცოდა, ჩინითა და ჯინჯილით
ჯვარს რომ დაამძიმებდა მოსეირე ელიტა!..
მუდამ ისე ვლოცულობ, როგორც სიკვდილმისჯილი, -
თითქოს ქანი მეკლდეურს გამოსცლოდეს ხელიდან...

სულ არჩევდა ცაიტნოტს და ვუტევდით შავებით...
ბოლოს, ვიცი, დაკარგულ ღმრთისმშობლის ცრემლს მომიტან, -
ქვეყნის დაბადებამდე უცდელად რომ ჩავებით, -
მისი წმინდა სახელით მოგებული ომიდან...


13. 02. 2022
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →