შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჯანღად ქცეულან ჩემი ფიქრები

ჯანღად ქცეულან ჩემი ფიქრები
ჩემი დარდები ბინდის გიშრებად
ფიქრიან ნისლთა თეთრი წიგნები
ცის კაბადონზე გადაიშლება

დაბერავს ქარი, ჩრდილებს აურევს
ღამის მშფოთვარე დუმილს გაამხელს
თუ ვარსკვლავების გტკივა ხმაური
და სახეს უშვერ მთვარის ცივ ნამქერს

ყეფს სადღაც ძაღლი, ყეფს ყეფის ექოც
უეცრად რაღაც ჟრჟოლა ამიტანს
გული ამყარებს ტკივილის რეკორდს
სამყარო მიცქერს ღია კარიდან

დგას და მიყურებს, შუბლზე გადასდის
მთვარიან ნისლთა ფიქრების ღვარი
მინდა ვარსკვლავებს ხელით გადავწვდე
მინდა ჩავიდგა გული ახალი

მინდა ეს ღამე ვერ დავივიწყო
ანდა ამოვთქვა რაც სათქმელია,
დამთავრებამდე რაც ვერ დავიწყე
რაც ახალია და თან ძველია,

რასაც ვერც იტყვი და ვერც იმღერებ
და ვერც ცრემლებით ვერ ამოიტან,
ვერც დაისიზმრებ, ვერც გაიხსენებ
და ვერც დალანდავ სადმე, შორიდან

ის რაც ბავშვობის, მზის და სიზმრების
თბილ და მეწამულ სიღრმეში ღვივის,
და ღამღამობით ჩუმად იზრდება
როგორც მღვიმეში ჩასული სხივი,

რომ კიაფობდეს გზების მიგნებად
და ვარსკვლავივით ჩუმად და ფხიზლად...
ჯანღად ქცეული ჩემი ფიქრები
ღამის შავ ველებს გადაენისლა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →