შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბალახი

ნიკოლოზ ბარათაშვილს


შენი ძარღვები
შეეზარდა ბალახებს,
და ნირწამხდარი მიწა აგტკივდა.
შენს თვალებში
ჩაიწრიტა მთვარის მდინარე
და თეთრი სიცივით
ამოგევსო გული.
ყორნისფრთისფერი
შენი მერნის
სისხლის წვეთები
(ოდეს გადავლო კლდენი და ღრენი)
იის კონებად წავიღე პირველ პაემანზე,
ხორცის ნაგლეჯებს კი
ჯიბეში ვიჩურთავდით ბავშვები,
სკოლისკენ მიმავალ გზაზე,
და იმ ჯიბიდან
ამოდიოდა ვარსკვლავების
და ფიჭის სურნელი.
შენი სიჩუმის მზე კი გაღვივდა
და ანათებს გულის ლურჯ ღამეს,
ცისაფერიან, უყორნო ღამეს,
რომლის სიღრმეშიც,
წითელ მიწაზე,
ნარეკლიანი შიშების ნაცვლად
შენი ძარღვების ბალახი ბიბინებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →