შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დედაჩემი

* * *
ზის დედაჩემი - ბუხრის გასწვრივ, მხრებზე თავშალით
რულმოდებული თვალით უმზერს მიღმეთს დარაბის...
ღობის კიდესთან ტირიფის ხეს ქარი - აშარი,
ტოტებს აწნის და შოლტავს ერთი დავიდარაბით.

ჩაფიქრებული უმზერს სარკმელს... დედა - ბრძენქალი
ვინ იცის, ახლა რას უთავსებს ფიქრების ვერთქმას...
ჩვენ, დედის ძალა გვათბობს სულზე ,როგორც მერქანი -
იფარავს ხის ტანს და არიდებს წვიმას და სეტყვას!

ეზო-გარემო დედის მაჯას უსმენს და ერთვის,
აპრილია და ტიტებს უშლის მზე თავმომწონედ...
ღრუბელი მაქმანს უკრავს ბაფთად კენწეროს ვერხვის
ჭაც კი, გულს ივსებს ანკარა წყლით - კარბსაპირწონედ.

ელიცლიცება მზის სხივები სარკმელს დედისთვის,
ბუხარი სითბოს, დედის სხეულს - უთმობს მთლიანად...
გმადლობ, უფალო, დედაჩემის დაბადებისთვის,
რომ შენი მადლით მომავლინა ადამიანად!

დედის თვალები, მომლოდინე, ცრემლით ავსილი
ძალს უფრო გვმატებს, რომ ვიხადოთ საწუთროს ვალი...
ღვთისმშობლის ტოლი - შვილის გულში, ცამდე ასული
დედა, ჯერ დედა და მხოლოდ შემდეგ ქმნილება - ქალი!
...
ელიცლიცება მზის სხივები სარკმელს დედისთვის
ბუხარი სითბოს - დედის სხეულს უთმობს მთლიანად...
გმადლობ, უფალო, დედაჩემის დაბადებისთვის
რომ შენი მადლით მომავლინა ადამიანად!

ხათუნა წიქორიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →