შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბროწეული

გაშიშვლებული
და უსირცხვილო
ტოტიდან მიმზერს
მე ბროწეული.
ცივ ზამთრის უჟმურ
ნაცრისფერს ვებრძვი.
ო, აღარ მინდა,
ვიყო ეული.

მინდა, დიდი ხნით
ჩამოვიშორო
უმოძრაობის
ხიბლი წყეული.
მინდა ვიბრძოლო
არ დავიჯერო,
იმედი არის
გადალეული.

მინდა, შემეძლოს,
რომ ვიყო ისევ
წელგამართული,
თავაწეული.
მინდა, სიცივემ
არ დამითრგუნოს
არშეგუების
აზრი გრძნეული.

მინდა, რომ რწმენით
მე გამარჯვების
ვიყო ისევე
გადარეული.
არ მეღვრებოდეს
სულის წიაღში
უიმედობა
ბნელი, წყეული.

გაშიშვლებული
და უსირცხვილო
ტოტიდან მიმზერს
მე ბროწეული.
ცივ ზამთრის უჟმურ
ნაცრისფერს ვებრძვი.
ო, აღარ მინდა,
ვიყო ეული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →