შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ღამე გალილეის

ღამეა. სადღაც გალილეა სდუმს ნაქრისტალი.
შენს ფერხთა ქვეშე როს განქარდა უდაბნოს სუნთქვა,
რაბი, ო, რაბი, აქ ლეღვებიც აღარ ისხამენ...
უზღვაო სევდა მოგვწოლია ჩვენ მებადურთა!..
ო, გახსოვს, კანა და ქორწილი ახალ ღვინოთი?!
მეინახენი აისამდე ვითარ როკავდნენ,
ეკიდათ რული მოციქულთა გადაღლილობით
და იხსენებდნენ საკუთარ ბედს შენს არყოფნამდე!..
შეგაკრთო მათმა გულმძიმობამ, უცებ ადექი
და განმარტოვდი, რაბი, ასრედ გჩვეოდა მუდამ.
გახვედი, კარი გაიხურე და უცაბედად
აღმოჩნდი კეთრით გაყვითლებულ ბავშვების გუნდთან!..
ხელი მოხვიე. მიიხუტე. მუხლზე დადექი
და ბავშვობაში დაცემული მუხლი აგტკივდა.
გახსოვს, მათ იგრძნეს ღვთაებრივი ეგ გულნადები -
მიმქრალ ტუჩებზე მზე აყვავდა კეთრის მაგივრად!
ეს ვარსკვლავები შენს სისხლს მე ვერ გადამისხამენ.
გულს ყვავილების ნიაღვარიც ეუდაბურა.
ღამეა. სადღაც გალილეა სდუმს ნაქრისტალი.
უზღვაო სევდა მოგვწოლია ჩვენ მებადურთა!..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →