შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ნოემბრის წვიმა

შემოდგომაზე ბინდმოცულ დილას
ციდან გადმოსკდა წვეთი პატარა
და მე ვიგრძენი ნოემბრის წვიმა
მთელი სეზონი რომ შემაყვარა

გაკადნიერდა ფრთხილი სისველე
მელოდიურად აწყობდა გამებს
შეუვალ ფანჯრებს სუსხი ფარავდა
სანამ უშენოდ ვითვლიდი წამებს

მე ყველა მინას ვაწერდი შენზე
სიტყვები სიტყვებს ემატებოდა
შემომეპარა შენი სიცივე
რომელიც ასე მენატრებოდა

მე თავს მოვიკლავ ნოემბრის ღამეს
თან გავიყოლებ ღმერთებს და მუზებს
მაგრამ ხარბია ჩემი ბუნება
ვერ შეველევი სისხლისფერ ტუჩებს

გზაზე დადიან ხის კაცუნები
და ჯენტლმენურად იხდიან ქუდებს
ვიღაც მომპარავს შენს თავს უთუოდ
ვერ აგარიდებ წვიმაში ქურდებს

ნუ დაავიწყებ შენს სახეს ჩემს თვალს
გაფართოებულ სევდიან გუგებს
იფიქრე ერთად წვიმაში როგორ
გადავივლიდით პატარა გუბეს

ვიცი სეზონის მიწურულს გნახავ
ჩემი თითები მოლოდინს უძლებს
გადავაყოლებ სიცოცხლეს ალბათ
შემოდგომას და ბნელი ცის ღრუბლებს

მე დამჭირდება ნოემბრის წვიმა
შემოდგომაზე ქუჩები სველი
თუმცა არ ვიცი ხვალ რა იქნება
ჯერ დღის ბოლომდე კვლავ სიკვდილს ველი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →